ვის არ აღელვებს ღირსეული რაინდთა თავგადასავლები, უმწიკვლო ვაჟკაცების თავდადებული ბრძოლა სიკეთის და ღირსების დასაცავად. ხშირად მათი გმირობა ღირსეულად ჯილდოვდება, მათი სიტყვა გულში ჩამწვდომია და ადამიანთა სულებში მზის სხივების მომფენი, ხანდახან კი მათი პათოსი მომაბეზრებელია... და არა მარტო ხანდახან... თქვენ ალბათ გინდათ ამას რამე მოუხერხოთ, ნუთუ არასოდეს გდომებიათ ერთ-ერთი ასეთი მზის მებრძოლი მიყრუებულ ბუნკერში გეწამებინათ ვიდრე აჩრდილად არ გადაიქცევა ან ყველა თქვენი ბინძური მოთხოვნის შესრულებას ხარბად არ დათანხმდება? მოუსმინეთ საკუთარ გულისცემას, კარგად მოუსმინეთ, რადგანაც ამ თამაშში მთავარი მისია მიწისქვეშეთის გულის დაცვა და ნაბიჯ-ნაბიჯ ბედნიერი სამყაროს ცეცხლის ალში გახვევაა.
"Evil IS Good!" მიწისქვეშეთის მფარველის ლოზუნგია. მისი ქვეშევრდომები მიწისქვეშეთის უწმინდურ არსებათა მთელი არმიაა, ბინძური ტროლები, აზიზი ვამპირები, სადო-მაზოხისტი გოგონები და მსგავს არსებათა მთელი დასი. ისინი მოუთმენლად ელიან მზეჭაბუკებთან შეხვედრას, რათა ხაროში ამყოფონ ვიდრე ჩონჩხებად არ გადაიქციან, ჩონჩხები კი მიწისქვეშეთის მბრძანებლის მხარეზე იწყებენ ბრძოლას.
თამაში სტრატეგიულია თუმცა ერთ-ერთი, კერძოდ "ჩასახლების" შელოცვის წყალობით თქვენ საშუალება გეძლევათ სტრატეგიიული რეჟიმიდან უცებ გადაერთოთ პირველი პირის მსროლელში, ამასთან არსებებს აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული უნარ ჩვევები, რომელთა გამოყენებაც მათი განვითარების სხვადასხვა დონეზე(level) შეიძლება.
მიწისქვეშეთის მშენებლობისას შეგვიძლია ავაშენოთ ისეთი ეგზოტიკური ოთახები როგორიცაა, ვამპირების სასაფლაო, კაზინო, ბნელი სამლოცველო, საწამებელი ოთახი და სხვა.
თამაში შესრულებულია განსაკუთრბული იუმორით და გაიძულებს დიდი ხნის მანძილზე დაუბრუნდე მას ისევ და ისევ.